logo
ENG



"მიდის ჩემი შვილის გაშავების პროცესი, თითქოს კონფლიქტი გვაქვს" - დაკავებული აქტივისტის მამა

30 მარ 202317:35
3 წუთის საკითხავი
 
კადრი: შსს

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე შსს-ის მიერ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ვინც შსს-ს მტკიცებით, აქციაზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, აცხადებს, რომ მიმდინარეობს მისი შვილის "გაშავების პროცესი, თითქოსდა მას მამასთან კონფლიქტი აქვს".

„ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. გამარჯობათ მეგობრებო, დადის ჭორი და მიდის ჩემს შვილს ლაზარე გრიგორიადის გაშავების პროცესი, თითქოსდა მე და ჩემს შვილს გვაქვს კონფლიქტი და არ გვაქვს კარგი ურთიერთობები, სანამ ვინმეს შვილს რამეში დაადანაშაულებთ გირჩევთ გაარკვიოთ და მერე წერეთ და იკითხეთ, და საერთოდ იქნებ მე ვარ უვარგისი მამა.... რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს, რატომ ტლიკინებთ იქ სადაც არ გეხებათ, ლაზარე არის ახალი თაობის წარმომადგენელი და ის ფიქრობს თავისებურად, მე ვაფასებ ყველა ახალგაზრდა ადამიანის უფლებებს და სოცმხედველობას, მინდა შევახსენო მთავრობას ნუ გადაიმტერებთ ახალგაზრდა თაობას. ჩემი მოთხოვნაა, (თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს).“ - წერს ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

გრიგორიადის დაკავების შესახებ შსს-ის განცხადების შემდეგ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი".

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.


close დახურვა